თეგი: კომერციული ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკი: ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.24%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 534.61 მლნ ლარით (1.24%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.15%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა. მთივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით (2.06%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.23%-ით). "რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.40 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.77%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.61%-ით მეტი). 2022 წლის ივნისის განმავლობაში, 1.03%-ით, ანუ 229.41 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 22.58 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37% შეადგინა, 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ეროვნული ბანკი: კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრების დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია. აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდან. დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს: 2 406 406“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ ₾42.6 მილიარდი შეადგინა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომამ 42.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 303.37 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. 2022 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 99 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 402 მილიონი ლარით იმატა. „დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 43.27 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით). ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.15%, ხოლო ევროს წილმა 17.08% შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.  

თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლიურად 69%-ით გაიზარდა

2023 წლის თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 185.358 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 76.177 მლნ ლარით აღემატება, ანუ ზრდა დაახლოებით 69%-ს შეადგენს. 2022 წლის თებერვალში ბანკების წმინდა მოგებამ 110.181 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 615.477 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 483.235 მლნ ლარი. თებერვალში კომერციული ბანკების ხარჯებმა 403.290 მლნ ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკით, თებერვალში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5.617 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 75.775 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 41.674 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.